24/07/2012
სალაშქრო ტური
„სოფ.მუხური-ტბა ოხოჯე-ტბა ტობავარჩხილი-ეგრისის ქედი- სოფ.ხაიში“
ტურის ხანგრძლივობა 7-10 დღე. ამ დროის გან-ში არ იქნება სატელეფონო კავშირი.
ფასი კარვების და კვების გარეშე 250 ლარი, კვებით 320 ლარი, კვებით და კარვებით 360 ლარი.
1. დღე : გავდივართ თბილისიდან დილის 6 საათზე ჩხოროწყუს რაიონის სოფ. მუხურის მიმართულებით. მგზავრობას უნდა დაახლოებით 5 საათი. მუხურში ვისვენებთ 1 საათი, ვიცვლით ტრასპორტს და ვაგრძელებთ გზას სამხიდიანი ურალით ან კამაზით (პირველი ექსტრიმი სწორედ აქ იწყება). 4-5 საათის მერე ავდივართ მეორე ქოხთან (პირველ ქოხს გზაზე გავივლით) ვანთებთ კოცონს და ვბანაკდებით ნათიფურუს მთის ფერდობზე.
2. დღე : რაც შეიძლება ადრე ვშლით ბანაკს (ადრე გასვლას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რადგან უმეტესად ასეთ სიმაღლეებზე დღის მეორე ნახევარში ამინდი ფუჭდება) და დავიძრებით ოხოჯეს ტბის მიმართულებით. გზად გავივლით ტყეს, ულამაზეს ფერდობებს და გავალთ უკვე მესამე ქოხთან, საიდანაც უკვე ალპური ზონა იწყება. გზად შეიძება შეგვხვდეს თოვლიანი ადგილები, ნისლი, წვიმა და სეტყვაც კი. მესამე ქოხთან ვისვენებთ და ვაგრძელებთ გზას ტბისკენ. დაახლოებით 3-5 საათისთვის უნდა ვიყოთ ოხოჯეს ტბაზე, სადაც გავშლით კარვებს და დავბანაკდებით.
3. დღე : ვდგებით ჩვეულებისამებრ ადრე და ვიწყებთ მოძრაობას ტობავარჩხილის მიმართულებით. გზად გავივლით უღელტეხილებს, თოვლიან და კლდიან ადგილებს ულამაზესი ხედებით. საღამოს ვიქნებით ტობავარჩხილის ტბაზე და დავბანაკდებით.
4. დღე : ეს არის დასვენების დღე. ამ დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ, გაერთოთ, გადაიღოთ სურათები და დატკბეთ ამ ადგილის სილამაზით და გრანდიოზულობით.
5. დღე : ისევ ადრიანად ვიძრებით ტობავარჩხილიდან და ავდივართ ქედზე საიდანაც დავინახავთ გულის ფორმის პატარა ტბას შუაში ყინულის აისბერგით. ვისაც სიცივის არ ეშინია შეიძლება ავიდეს ყინულზე და გადაიღოს სურათები. ტბიდან ავივლით კიიდევ ერთ ფერდობს და ქვემოთ დავინახავთ მწყემსების ქოხს. მწეყმესები გაყიდვით არაფერს ყიდიან მაგრამ გულითადი მასპინძლობა იციან და ელარჯი, ღომი და სულგუნი იქნება აუცილებლად. შეგიძლიათ შეძლებისდაგვარად თქვენც გაუკეთოთ მათ საჩუქრები. მწყემსებთან ვყოვნდებით რამოდენიმე საათი და ვაგრძელებთ გზას ეგრისის ქედის მიმართულებით. ვბანაკდებით ქედის ძირში და ვანთებთ კოცონს.
6. დღე : ადრიანად ვიშლებით, ავდივართ ეგრისის ქედის უღელტეხილზე და გადავდივართ უკვე სვანეთში. უღელტეხილიდან ვეშვებით სოფელ ზედა ვედი-ს მიმართულებით. გზა მარტივი არ არის ამიტომ ცოტა სწრაფი სიარული მოგვიწევს. ვბანაკდებით სოფელში.
7. დღე : სოფლიდან ვეშვებით ხაიშის მიმართულებით. გზად თუ გვექნება ძალა და სურვილი მოვინახულებთ ულამაზეს ჩანჩქერს. ხაიშში მოგვაკითხავს ტრასპორტი და მოვდივართ თბილისში.
დამატებითი ინფორმაცია: ტური არის საკმაოდ რთული, მომქანცველი და შრომატევადი. ვისაც არ აქვს საკუთარი თავის იმედი სჯობია თავი შეიკავოს რადგან ის ამით მთლიანად ჯგუფს შეაფერხებს. ტური არ არის რეკომენდებული გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულთათვის და წნევიანებისთვის. სასურველია მოლაშქრეებს არ ჰქონდეთ სიმაღლის შიში და იყნენ ფსიქოლოგიურად ძლიერები.